"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი პაატა სალია სასამართლოს მიერ ტელეკომპანიის წილების 60%-ის დაყადაღებას ეხმაურება და აცხადებს რომ ამ ეტაპზე მათ მეტი ინფორმაცია არ გააჩნიათ. სალიას თქმით, შემდგომ ნაბიჯებს სამაუწყებლო კომპანიის იურისტები, მხოლოდ დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ გადადგამენ.
"ეს წილები დღეს ქიბარ ხალვაშის სახელზეა აღრიცხული. სასამართლომ მიიღო განჩინება ამ წილების დაყადაღების თაობაზე. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. მას შემდეგ რაც მივიღებთ შესაბამის დოკუმენტებს, განვახორციელებთ იურიდიულ მოქმედებებს,"-აცხადებს პაატა სალია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სასამართლომ ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი, "რუსთავი 2-ის" 60%-იანი წილის დაბრუნებაზე, წარმოებაში მიიღო.
მოსამართლემ "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლების კიდევ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამაუწყებლო კომპანიის 60%-ს ყადაღა დაადო.
როგორც "ფორმულასთან" საუბრისას აქიმიძისა და დვალის უფლებადამცველ კახა კოჟორიძე აცხადებს, არსებობდა საფრთხე, რომ ქიბარ ხალვაში წილებს სხვაზე გადააფორმებდა, შესაბამისად მათ დააყენეს წილებზე ყადაღის დადების შუამდგომლობა.
ყადაღა ძალაში საქმის საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე დარჩება. „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა წილის დასაბრუნებლად სასამართლოს 17 ოქტომბერს მიმართეს.